რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებით, მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ უბანში მდებარე სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს. ინფორმაციას რუსული მედია უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ФСБ-ის მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გეგმავდა.

„უკრაინის სპეციალური სამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში აღიკვეთა ტერორისტული აქტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა დაგეგმილი. სამიზნე იყო სტრატეგიული საწარმო, რომელიც მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს. თავდასხმისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით იყო შეტანილი“, – აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ოპერაცია სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც საბრძოლო საშუალებების შემცველი ტვირთი გადაადგილდებოდა მარშრუტით: ბრატისლავა (სლოვაკეთი) – სედლცე (პოლონეთი) – ბრესტი (ბელარუსი) – მოსკოვის ოლქი.

ФСБ-ის მტკიცებით, აღნიშნული ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით იყო ორგანიზებული.

უწყების ცნობით, გეგმის მიხედვით, საწარმოსთან ახლოს მდებარე ნაქირავები ანგარის შენობიდან დისტანციურად 35 FPV დრონი უნდა გაეშვათ. მათივე განცხადებით, დრონები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფმა გაანადგურა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმეზე გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ტერორისტული აქტი) დაიწყო.

ФСБ ასევე აცხადებს, რომ დრონებით თავდასხმის მომზადებისას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული დავალებების შესასრულებლად 13-დან 16 წლამდე მოზარდები დაიქირავა.

აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებას ეფუძნება; უკრაინის მხარეს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუვრცელებია.