თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ღონისძიება მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“, ე.წ. დეზერტირების ბაზრის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების მიზნით ჩატარდა.
უწყების ცნობით, უნებართვო კონსტრუქციების გატანისა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
„მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობისა და ანტისანიტარიის აღკვეთა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო პერიოდში სადგურის მოედნისა და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, მსუბუქი კონსტრუქციებისა და დახლების განთავსებამ ტროტუარების შეზღუდვა და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლისა და ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევებიც, ასევე უკანონო საქმიანობის შედეგად გამოწვეული ანტისანიტარია და გარემოს დაბინძურება.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დედაქალაქში საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებისა და უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციების აღკვეთის მიზნით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.