უკრაინამ და ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, უკრაინამ გაწევრიანების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მხარეებმა ე.წ. „საგარეო ურთიერთობების“ კლასტერზე მოლაპარაკებები გახსნეს.
„ეს არის ძირითადი თემატური ჯგუფი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოში, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება კანდიდატი ქვეყნის საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, „საგარეო ურთიერთობების“ კლასტერი ორ დამოუკიდებელ თავს მოიცავს: საგარეო ურთიერთობებს და საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას.
ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, საგარეო ურთიერთობების თავი მოიცავს ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას. კანდიდატმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ვალდებულებებსა და შესაბამის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან შესაბამისობა.
რაც შეეხება საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თავს, ის მოიცავს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის პოზიციებთან, განცხადებებთან, სანქციებსა და სხვა შემზღუდავ ზომებთან შესაბამისობას.
ევროკავშირმა ასევე განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლებიც ამ თავების მომავალში დროებით დახურვისთვის უნდა შესრულდეს.
„ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მათი განხორციელების მიმართულებით პროგრესის მონიტორინგი მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციაში.