გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის (HRMMU) ინფორმაციით, უკრაინაში 2026 წლის ივნისში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 990 დაშავდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს 2022 წლის აპრილის შემდეგ ერთ თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

HRMMU-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაისში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის შემდეგ, ივნისში მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

„მას შემდეგ, რაც მაისში ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, ივნისში მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა – სულ მცირე 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 990 დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მისიის ხელმძღვანელის, დანიელა ბელის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა რუსეთის მიერ თავდასხმების ინტენსიფიკაციასა და უფრო ძლიერი შეიარაღების გამოყენებას უკავშირდება.

„ეს ტენდენცია უნდა იყოს გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე არსებული რისკები არა მხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება როგორც მასშტაბით, ასევე სირთულით“, – განაცხადა დანიელა ბელმა.

HRMMU-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინაში 1 396 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 7 978 დაშავდა. ეს მაჩვენებელი 37%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს და 114%-ით – 2024 წლის პირველ ნახევარს.

მისიის ინფორმაციით, ივნისში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მთავარი მიზეზი კვლავ შორი მოქმედების იარაღი, ფართო არეალზე მოქმედი რაკეტები და დრონები, იყო, რომლებმაც მთლიანი მსხვერპლის 45% გამოიწვია. ამ ტიპის იარაღის გამოყენებით დაზარალებულთა უმეტესობა ფრონტის ხაზიდან მოშორებულ დიდ ქალაქებში, მათ შორის კიევსა და დნიპროში, დაფიქსირდა.