ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. როგორც მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, ეს მისი უკვე მე-11 ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ომი მიმდინარეობს.

ფონ დერ ლაიენის შეფასებით, უკრაინამ მნიშვნელოვანი სამხედრო იმპულსი შექმნა და ვითარება მის სასარგებლოდ იცვლება.

„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი შექმნა. მდგომარეობა მის სასარგებლოდ იცვლება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირი უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ახალ ინიციატივებს წარადგენს, რომლებიც ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციას ითვალისწინებს.

„გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციისთვის, რათა შევძლოთ უფრო მეტის და უფრო სწრაფად წარმოება. ჩვენ ასევე განვიხილავთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს და მომავალი ზამთრისთვის მზადებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.