საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში, სახელწოდებით „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფორუმში აშშ-ის გარდა, არაერთი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარიც იქნება გათვალისწინებული.

„ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მათთვისაც საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს. უკვე გამოიკვეთა მიმართულებები, მათ შორის უსაფრთხოების სფერო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობა.

საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, დღეს საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად იქცა, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს. ეს, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებში განსახილველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ასევე მოიცავს საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხებსა და უსაფრთხოების სფეროს.

„მაკა ბოჭორიშვილის ამ ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთი სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთა წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ასევე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის დღის წესრიგში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მონაწილეობს.