დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობის მეთაური უკრაინის დედაქალაქს ესტუმრა.

ზელენსკიმ სტარმერთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნის მემორიალი მოინახულა.

„მადლობას ვუხდი კირს და გაერთიანებულ სამეფოს ურყევი პატივისცემისთვის ჩვენი მეომრებისა და ყველას მიმართ, ვინც მსხვერპლი გაიღო უკრაინისა და მთელი ევროპის დასაცავად“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც კირ სტარმერს თავისუფლების ორდენი მიენიჭა. ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ განსაკუთრებულ დამსახურებად შეაფასა.