საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალი“ გახდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხებთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევისა იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელსაც სუვერენიტეტის ყველა ნიშანი აქვს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „თბილისის სწრაფვა, გაატაროს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აღიქმება როგორც პირდაპირი გამოწვევა“.

„ეს მათთვის ყელში გაჩხერილი ძვალია. დასავლეთის წარმომადგენლებს ეს იმდენად აღიზიანებთ, რომ ისინი მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი ხელისუფლება შეცვალონ“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება „საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება და ქვეყნის მომავალს საკუთარ ისტორიასა და ინტერესებზე დაყრდნობით აშენებს“.