აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა, საჯაროდ დაესახელებინა ვადა, რომელსაც ირანს აძლევს, ვიდრე ქვეყნის ხიდებზე დარტყმებს განახორციელებს. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

„არ მიყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ თითქმის ყველაფერი იციან. ირანშია საქმე. სჯობს, წესიერად მოიქცნენ“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აძლევს თუ არა ირანს ვადას, სანამ აშშ ხიდების დაბომბვას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანია ირანის შესაძლებლობების შემცირება, რათა ქვეყანამ საფრთხე ვერ შეუქმნას ჰორმუზის სრუტეში გამავალი კომერციული გემების ეკიპაჟებს.