რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის არჩევნებში არასდროს ჩარეულა და ამ საკითხზე გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

პესკოვის თქმით, რუსეთს ამერიკის საარჩევნო პროცესებზე გავლენა არ მოუხდენია, ხოლო წარსულში ჩატარებულმა გამოძიებებმა, მისი მტკიცებით, ვერ დაადასტურა მოსკოვის კავშირი აშშ-ის საარჩევნო კამპანიებთან.

„რუსეთს არანაირად არ მოუხდენია გავლენა აშშ-ის არჩევნებზე. ჩვენ უარვყოფთ ყველა ბრალდებას, კატეგორიულად უარვყოფთ მათ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, რუსეთი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში არ ერევა და იმავეს ელოდება სხვა ქვეყნებისგანაც.

პესკოვის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მოწინააღმდეგეებს – რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას – აშშ-ის საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომეტირების შესაძლებლობა აქვთ.