აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციით მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.
ტრამპის თქმით, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს, რომლებიც, მისი განცხადებით, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი სამხედრო ძალები. ის ჩემი პირველი ვადის განმავლობაში შევქმენი და, სამწუხაროდ, ახლა იძულებულნი ვართ, გამოვიყენოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ირანში მიმდინარე ოპერაცია წარმატებით ვითარდება.
„ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან, ძალიან მალე იხილავთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს უკვე ზედიზედ მეექვსე ღამეა ახორციელებენ.