ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ინფორმაციას Le Monde ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მხარის ცნობით, საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სირიის ალ-თანფის რეგიონში მდებარე „მტრის სპეციალური ოპერაციების სამეთაურო ცენტრზე“. აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ ალ-თანფის სამხედრო ბაზა სრულად დატოვა და მისი კონტროლი სირიის არმიას გადასცა.

Le Monde-ის ინფორმაციით, იორდანიის საჰაერო თავდაცვამ დღეს დილით ირანის მხრიდან გაშვებული სამი რაკეტა გაანადგურა. იორდანიის არმიის განცხადებით, ინციდენტს არც მსხვერპლი და არც ინფრასტრუქტურული ზიანი არ მოჰყოლია.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირწმუნება, რომ ოპერაციების ფარგლებში ომანის სალალას რეგიონში საზღვაო სათვალთვალო რადარი, ხოლო ღანამის რეგიონში ამერიკული საჰაერო სათვალთვალო რადარიც გაანადგურა.