უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები აცხადებენ, რომ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 12 გემზე მიიტანეს იერიში.

უწყების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის განცხადებით, დაზიანებულ ხომალდებს შორისაა ცხრა მშრალი ტვირთმზიდი, ერთი ნავთობტანკერი, ორი გაზის გადამზიდი და ერთი საბუქსირე გემი.

ბროვდის თქმით, ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელწოდება „მოლოჩკა“ ჰქვია, 6 ივლისიდან მიმდინარეობს. მისი განმარტებით, ოპერაციის მიზანია აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში მოქმედი რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის შეზღუდვა და მისი გემების განადგურება.

მისივე ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 159 გემს შეუტიეს. მათგან 117 აზოვის ზღვაში იმყოფებოდა, ხოლო 42 – შავ ზღვაში.