შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹ 151-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.