დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით ვერ გადაიტვირთება აშშ-სთან დაზიანებული ურთიერთობები, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს.

მისი განცხადებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების აღდგენას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

„ცხადია, ვაშინგტონში არსებული იმედგაცრუება არ გამქრალა. ამ ურთიერთობების გადატვირთვას, პირველ რიგში, სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ოპონენტებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ასევე ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სრული ნდობა ექნება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ტრამპის წერილსა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.