თუ აშშ-ის თავდასხმები კიდევ ორი ან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ირანი სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაზე გადავა, – ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსანმა და უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის, სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რეზაის თქმით, ირანის შეტევითი ძალებისთვის „არც ერთი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული“.

„არც ერთი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული ირანის შემტევი ძალებისგან“, – განაცხადა რეზაიმ. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა „სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის“ ფინანსური კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.

CNN-ის შეფასებით, რეზაის განცხადება დიდწილად იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს. გამოცემის ცნობით, ტრამპმა აშშ-ირანს შორის ისედაც მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულად“ გამოაცხადა, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო.

საპასუხოდ, ირანმა იერიშები მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც მისი ზოგიერთი არაბი მოკავშირის, მათ შორის კატარის, ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზეა განთავსებული.