უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის განცხადებით, რუსეთს ფრონტის ხაზიდან უპილოტო სისტემების ცენტრი „რუბიკონის“ დაახლოებით 200 ოპერატორი შავ და აზოვის ზღვებში გემების დასაცავად გადაჰყავს.
მისივე თქმით, „რუბიკონის“ დანაყოფებთან ერთად, საზღვაო ობიექტების დაცვისთვის მობილიზებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიისა და საჰაერო თავდაცვის პოლკის ძალებიც. ისინი, უკრაინული მხარის ინფორმაციით, იყენებენ საჰაერო თავდაცვის დრონებს, გადასატან საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტყვიამფრქვევებს.
ბროვდის განცხადებით, 6-18 ივლისს, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, უკრაინულმა დრონებმა 172 რუსულ გემზე მიიტანეს იერიში, მათ შორის 118-ზე აზოვის ზღვაში და 54-ზე – შავ ზღვაში.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 18 ივლისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა 13 ხომალდს დაარტყეს, მათ შორის იყო 8 მშრალი ტვირთმზიდი, ერთი ნავთობტანკერი, ერთი გაზის გადამზიდი გემი, ერთი საბუქსირე გემი და ორი მცურავი ამწე.
ბროვდის განცხადებით, ოპერაციის მიზანია ნავთობის, საწვავისა და სხვა ტვირთების სანქციების გვერდის ავლით ტრანსპორტირების შეჩერება.