„დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ რუსეთის ტერიტორიაზე სამი მიმართულებით, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ხმელეთსა და ზღვაზე იმუშავა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ორ მსხვილ ლოჯისტიკურ ობიექტზე მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში.
ზელენსკის თქმით, აღნიშნული ობიექტები ფრონტის ხაზიდან 500-ზე მეტ და თითქმის 700 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთი მათ დრონების წარმოებისთვის და სანქცირებული კომპონენტების მომარაგებისთვის იყენებდა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დარტყმა ასევე განხორციელდა ნავთობის ობიექტზე. გარდა ამისა, უკრაინული საშუალო სიშორის იარაღით სამიზნეები დაზიანდა აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში, ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებს, მათ შორის უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, შეიარაღებულ ძალებს, უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის დაზვერვას, „მისიების ზუსტი და კოორდინირებული შესრულებისთვის“.