შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით დანაშაულის აღიარება აიძულეს.
საქმე ეხება ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ 25 წლის მამაკაცს ცემითა და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების მუქარით აღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.
შსს-ის განმარტებით, მიმდინარე წლის აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეაჩერა, რომლის პირადი ჩხრეკისას დანა ამოიღო. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის ჩადენა აღიარა, რის შემდეგაც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები გატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციაში გამოცხადდა დაკავებულის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაული თავად ჩაიდინა და სამართალდამცველებს დანაშაულის იარაღის ადგილსამყოფელიც მიუთითა. მის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნა ექსპერტიზები.
შსს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი პატიმრობაში რჩებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების განმარტებით, ექსპერტიზების დასკვნები ივლისში მიიღეს, ხოლო დანაშაულის იარაღზე ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
სამინისტროს განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შსს-ის ცნობით, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, სასამართლოშიც დაადასტურა დანაშაულის ჩადენა და მოგვიანებით მის მიმართ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. უწყების ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ამასთან, შსს განმარტავს, რომ თავდაპირველად დაკავებულმა ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა, ხოლო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისიდან დაიწყო.