რუსეთმა გასულ ღამეს კიევზე ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევისა და უკრაინის სხვა რეგიონების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა და 120 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

„ბოლო მონაცემებით, კიევსა და კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობას აგრძელებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1450 დრონი, 1640-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გამოიყენა.

ზელენსკის შეფასებით, ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერება ამჟამად უკრაინის მთავარი პრიორიტეტია.

„ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ასევე აუცილებელია, რომ ანტიბალისტიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ჩვენს მუშაობასთან ერთად, რუსეთზე ზეწოლაც გაგრძელდეს. ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას შეფერხებები მოსკოვს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ დაგეგმოს როგორც ახალი თავდასხმები, ისე სანქციებისთვის გვერდის ავლის გზებიც“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.