აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე 50%-იანი ტარიფი დააწესა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ტარიფები შეეხება, მათ შორის, ღვინოს, ცემენტს, ჰოკეის ჯოხებსა და სხვა პროდუქციას. თეთრი სახლის განცხადებით, ისინი ძალაში 30 დღეში შევა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, ტარიფები ამერიკული ავტომობილების, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლის მიმართ „არათანაბარი მოპყრობის“ საპასუხოდ დაწესდა.

კანადის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, კენდენს ლეინგმა, გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა და ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ახალი გადასახადების ამოქმედებამდე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ.

ტარიფების დაწესებას კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნიც გამოეხმაურა.

„ეს წარმოადგენს აშშ-ის მიერ ცალმხრივად გადადგმული სავაჭრო ნაბიჯების სერიის უახლეს შემთხვევას. აღნიშნული ქმედებები დაიწყო იმით, რომ აშშ-მა კანადა–აშშ–მექსიკის შეთანხმების (CUSMA/USMCA) პირდაპირი დარღვევით ტარიფების მთელი რიგი დააწესა“, – განაცხადა კარნიმ.

მისივე თქმით, კანადა მზად არის, მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები გააძლიეროს.

ამჟამად აშშ-ს კანადიდან იმპორტირებულ ფოლადზე, ალუმინსა და სპილენძზე 15%-იდან 50%-მდე ტარიფები აქვს დაწესებული. გარდა ამისა, ვაშინგტონი კანადურ რბილ მერქანზე 35%-იან ტარიფს, ხოლო ავტომობილების არაამერიკული წარმოების ნაწილებზე 25%-იან იმპორტის გადასახადს აწესებს.

თავის მხრივ, კანადას ამერიკული ფოლადის, ალუმინისა და სატრანსპორტო საშუალებების შერჩეულ იმპორტზე 25%-იანი საპასუხო ტარიფი აქვს დაწესებული.