საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.

პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.