თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23 ივლისს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორია რეაბილიტირდება.
კალაძის განცხადებით, სამუშაოები 23 ივლისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე იყო გამოცხადებული ტენდერი, თუმცა კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს და რამდენჯერმე მოხდა აღნიშნული ტენდერის ჩავარდნა, თუმცა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიული თვალსაზრისით, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება და აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეთ სიამაყის განცდა“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას – დაახლოებით 2-კილომეტრიან გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები – შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, ლედ-სისტემებით აღჭურვილი განათების ბოძები.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს – განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს – მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.