გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები დაიცვას.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.
სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ პერიოდში, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად პატრულირებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ ტურისტებს, რათა ტყის ხანძრების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
„განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ პერიოდში, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად პატრულირებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ ტურისტებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტყის ხანძრების რისკები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, – განაცხადა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, დათა კობახიძემ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები. QR კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.
სააგენტო მოქალაქეებს ასევე შეახსენებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან.
ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობით ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.