საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამსა და პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სინგაპურის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე.

„საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგსაც შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.

„მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

მთავრობის მეთაურმა ისტანას რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.