აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანთან ომი შეერთებულ შტატებს 37.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.

CNN-ის ინფორმაციით, საბიუჯეტო მოსმენაზე „დემოკრატმა“ სენატორმა დიკ დურბინმა ჰეგსეთს ჰკითხა, ელოდება თუ არა, რომ ხარჯები გაიზრდება მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფაქტობრივად დასრულდა.

ჰეგსეთის განცხადებით, 37.5 მილიარდი დოლარის ნაწილი ფისკალური წლის ბოლომდე ისეთ ხარჯებს დაფარავს, როგორიცაა ჯარისკაცების კვება.

ამასთან, აშშ-ის ომის მინისტრის თქმით, ირანს დახმარებას უწევენ როგორც რუსეთი, ასევე ჩინეთი და ისინი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის გარკვეულ ქმედებებს ომში.

„ბევრი გზა არსებობს ამის შესაჩერებლად და მისი სიღრმე და მასშტაბი გასაიდუმლოებული უნდა დარჩეს. თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ორივე ეს ქვეყანა, სხვადასხვა დონეზე, ირანის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ქმედებას უწყობს ხელს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ ჰოევენის კითხვის საპასუხოდ.