რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს ინფორმაციას.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ სატრანზაქციო აკრძალვა დაწესდება, რომელიც ექვს თვეში შევა ძალაში.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ახალი სანქციები ნავთობის სექტორს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, შეეხება. სანქცირებულთა სიაში მოხვდა 18 იურიდიული პირი და ერთი ფიზიკური პირი, მათ შორის სამი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და კომპანია, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების რეალიზაციისთვის შეიქმნა.

„დამატებით, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ და გადაამუშავებენ. ამ ჩარჩოში ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც ძალაში ექვს თვეში შევა – ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს ყულევში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, სანქციების ფარგლებში ხუთი ნავთობტრეიდერი დაემატა იმ სუბიექტების სიას, რომლებსაც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვა შეეხებათ.