ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებული სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაიხედა, თუმცა სასამართლომ მისი შეცვლის საფუძველი ვერ დაინახა და ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.

პროკურატურის ინფორმაციით, ორი სპეცრაზმელი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. გურამ როგავასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე ერთ-ერთ ბრალდებულს დამატებით ედება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.