ტყის მასშტაბური ხანძრების გამო ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხანძრის კერები მადრიდსა და მეზობელ ავილის პროვინციაში გავრცელდა.
სტიქიის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, მადრიდის რეგიონულმა მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა და შექმნილი ვითარება „უკიდურესად მძიმედ“ შეაფასა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაციას მაღალი ტემპერატურა და რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.
„როიტერის“ ცნობით, მიმდინარე წელს ესპანეთში ხანძრების შედეგად 100 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, ხოლო სტიქიას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.