აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას CENTCOM სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, იერიშის სამიზნეები იყო ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების საწყობები, სანაპირო სათვალთვალო ობიექტები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
„აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, სანაპირო სათვალთვალო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს“, – აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე ღია რჩება და კომერციული გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად განაგრძობენ გადაადგილებას.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალები ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაციებს ზედიზედ მე-13 დღეა ახორციელებენ.