ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მეორედ, რუმინეთის საჰაერო სივრცე დრონების შეჭრის შედეგად დაირღვა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
ანტონიო კოშტამ რუმინეთის ხელისუფლება სწრაფი რეაგირებისთვის შეაქო.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთსა და რუმინელ ხალხს. რუმინეთის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის უსაფრთხოების, სიმტკიცისა და შეკავების გაძლიერებას, მათ შორის ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ“, – წერს კოშტა X-ზე.
ცნობისთვის, რუმინეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი დრონი ჩამოაგდეს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ქვეყნის საჰაერო ძალებმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით გაანეიტრალეს.