„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე არის დაკავებული, აცხადებს, რომ შეთავაზების მიუხედავად საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, „დანაშაულის“ აღიარებას და შეწყალების თხოვნას არ განიხილავს.

ნადირაძე „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას იმის საჩვენებლად იღებს, რომ არ ნებდება და იბრძვის ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის.

ნადირაძე ფიქრობს, რომ დღეს არსებულ რეალობაში სამართალი არა სასამართლო დარბაზებში, არამედ ერთიანი, შეუპოვარი ბრძოლით, თავგანწირვით და მედგარი წინააღმდეგობით მოიპოვება!.

ნადირაძე განცხადებას ასრულებს მოწოდებით: „ბრძოლა ბოლომდე“.

„რადგან 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში, ამით დავიწყებ და თავიდანვე ვიტყვი, რომ პროკურატურის საჯარო შემოთავაზების მიუხედავად, არანაირი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, არც „დანაშაულის“ აღიარებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ!

მე, სასამართლოებზე დავდივარ არა იმისთვის, რომ რუსული რეჟიმის სასამართლოში სამართალს ვეძებ, არამედ იმისთვის, რომ გვნახოთ, რომ ისევ მხნედ ვართ, ისევ ვიღიმით, ისევ არ ვნებდებით და ისევ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის! იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს პოლიტიკური განცხადებების, ბანერზე გაკეთებული წარწერის, ტროტუარზე დგომის, ან facebook კომენტარების გამო იჭერენ, აჯარიმებენ და იზოლატორებში, ციხეებში უშვებენ, სამართალი არა სასამართლო დარბაზებში წარმოთქმული სიტყვებით და სამართლებრივი არგუმენტებით, არამედ ერთიანი, შეუპოვარი ბრძოლით, თავგანწირვით და მედგარი წინააღმდეგობით მოიპოვება!

რა თქმა უნდა, მოსჯილი 7 წელი, ციხის დროის დინების გათვალისწინებით, არაა პატარა სასჯელი… არც ისაა მარტივი თვეში ერთჯერ, შუშის მიღმა, უყურებდე შენს აცრემლებულ, მცირეწლოვან შვილებს, რომლებსაც მამა ენატრებათ, მაგრამ სჯობს, დღეს ჩემს შვილებს ციხეში მჯდომი მამა ენატრებოდეთ, ვიდრე ხვალ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება! დიახ, ეს არის ბრძოლა საქართველოს შვილებისთვის, მისი მომავალი თაობებისთვის, რადგან ამ ქვეყნის არცერთი შვილი, არ გვემეტება რუსულ დიქტატურაში, ან აღდგენილ საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად! ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!

დიდება თავისუფლებას!

დიდება საქართველოს!

გვფარავდეს ღმერთი!“, -წერს ნადირაძე.