ბერლინში ლგბტქ+ ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს ფურგონი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 16 კი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები და კონცერტი, რომელიც რამდენიმე საათში უნდა დაწყებულიყო, გააუქმა.

ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია, თუმცა ის ამ დრომდე დაკავებული არ არის. სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილი ბერლინში მოქმედ ისლამისტურ ექსტრემისტულ წრეებთან არის დაკავშირებული.

„ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ბერლინში ისლამური წრეების წევრია და ამ პირის ძებნა სრული სისწრაფით მიმდინარეობს“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ფლორიან ნატმა.

პოლიციას ეჭვმიტანილის ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს.