ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და სამი პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდეს.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა, რის შემდეგაც იგი იმავე დღეს გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

ცნობისთვის, 22 ივლისს, გვიან ღამით, ვერაზე, შანიძის ქუჩის №31-ში, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი, კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. თავად დოდო ოდიშარია აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტამდე შელაპარაკება ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომობილი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იყო გაჩერებული, ქალმა შენიშვნა მისცა. გავრცელებული ცნობებით, სწორედ ამის შემდეგ გახსნა ნიკა კაპანაძემ ცეცხლი.

„ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლილი ტყვია მოხვდა.