გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ბერლინში Christopher Street Day-ის ღონისძიებაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს თავდასხმაა ქვეყნის ღია საზოგადოებასა და ცხოვრების წესზე.

„ყველანი შოკირებულები და შეძრულები ვართ ბერლინში, Christopher Street Day-ის ღონისძიებაზე მომხდარი თავდასხმით. ასობით ათასი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მშვიდობიანად და სიხარულით შეიკრიბა, რათა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მესიჯი გაეგზავნა და თანასწორობაზე დაფუძნებული, თავისუფალი ცხოვრების მხარდასაჭერად გამოსულიყო. ეს ქმედება თავდასხმაა ჩვენს ღია საზოგადოებაზე, ჩვენს ცხოვრების წესსა და ერთმანეთთან თანაცხოვრების შესაძლებლობაზე.

დღეს ჩემი და, ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ფიქრები იმ ქალის ოჯახის წევრებსა და მეგობრებთანაა, რომელიც ამ თავდასხმას ემსხვერპლა, ასევე დაშავებულებთან, რომელთაგან ზოგი მძიმე მდგომარეობაშია. მათ სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბერლინის პოლიცია 21 წლის ეჭვმიტანილს ეძებს, რომლის ვინაობაც უკვე დადგენილია. სამართალდამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ის შესაძლოა შეიარაღებული იყოს.