ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას ეხმაურება და პროკურატურის მიერ წარმოდგენილ საქმეში წყნეთში მდებარე უძრავ ქონებაზე მიუთითებს.
თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურის ვერსიით, დანაშაული 2023 წელს მოხდა და მოწმე ზურაბ ტუკვაძის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ იმავე 2023 წელს ზურაბ ტუკვაძემ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა.
„სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის – ჯუანშერ ბურჭულაძემ“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვები.