კრეტის უძველესი სასახლეების კედლებზე ზღვა, ყვავილები და ადამიანები შემორჩნენ. ფერად გამოსახულებებში ჯერ კიდევ იგრძნობა იმ სამყაროს მოძრაობა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ არსებობდა – სამყაროსი, სადაც გემები შორეულ ნაპირებს აღწევდნენ, საწყობები ღვინითა და ზეთით ივსებოდა, სასახლეების ეზოებში კი საზოგადოებრივი ცხოვრება იყრიდა თავს.
ეს მინოსური კრეტა იყო – ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელსაც ევროპის ერთ-ერთ პირველ განვითარებულ ცივილიზაციად მიიჩნევენ. მისი ისტორია დიდებული ნაგებობებით არ დაწყებულა. თავდაპირველად კუნძულზე მცირე მიწათმოქმედი დასახლებები გაჩნდა, რომელთა მცხოვრებლებს მოსავალი მოჰყავდათ და შინაური ცხოველები ჰყავდათ.
მკვლევართა ვარაუდით, პირველი მიწათმოქმედები კრეტაზე დაახლოებით ძვ. წ. 7000 წელს, დღევანდელი სამხრეთ თურქეთის ან ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიიდან გადავიდნენ. მათთვის კუნძული მუდმივ საცხოვრებლად იქცა. თაობების განმავლობაში დასახლებები გაიზარდა, მიწათმოქმედებას ხელოსნობა და ვაჭრობა დაემატა, ზღვა კი შორეულ მეზობლებთან დამაკავშირებელ გზად იქცა.
ერთ-ერთი ადრეული დასახლება კნოსოსში ჩამოყალიბდა, კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. მოგვიანებით სწორედ აქ გაჩნდა მინოსური სამყაროს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. არქეოლოგ იან დრისენის შეფასებით, განვითარების პიკურ პერიოდში კნოსოსში შესაძლოა დაახლოებით 20 ათას ადამიანს ეცხოვრა.
კრეტის ბუნება ამ ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. მთები, ხეობები და განსხვავებული ადგილობრივი კლიმატი კუნძულის მცხოვრებლებს სხვადასხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობას აძლევდა. მარცვლეული, ვაზი და ზეთისხილი მათი მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ზღვის გადაღმა კი ის რესურსები ელოდათ, რომლებიც კუნძულზე აკლდათ. ბრინჯაოს დასამზადებლად საჭირო სპილენძსა და კალას ვაჭრობით მოიპოვებდნენ. თანდათან მათი კავშირები ეგეოსის კუნძულებიდან ეგვიპტემდე და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებამდე გავრცელდა.
ამ გზებით საქონელთან ერთად ცოდნა, მხატვრული ფორმები და ახალი ჩვევებიც გადაადგილდებოდა.
დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ კრეტაზე სასახლეების მშენებლობა დაიწყო. კნოსოსი, ფესტოსი და სხვა ცენტრები მრავალი დანიშნულების სივრცეები იყო: აქ იმართებოდა რელიგიური ცერემონიები, მუშაობდნენ ხელოსნები, ინახებოდა მარაგი და აღირიცხებოდა საქონელი. სასახლეები კუნძულის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას აერთიანებდა.
არქეოლოგებმა მათ ნანგრევებში ღვინის, მარცვლეულისა და ზეითუნის ზეთის შესანახი სათავსოები, ასევე ათასობით სასმისი აღმოაჩინეს. ამ ნივთების რაოდენობა მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ სასახლეებში საერთო ნადიმებიც იმართებოდა – შეკრებები, სადაც ადამიანები ერთად ჭამდნენ, სვამდნენ და ურთიერთობდნენ.
მინოსელების ხელოვნება ამ ყოველდღიურობის წარმოდგენაში გვეხმარება. შენობებს ცოცხალი ფერებით ამკობდნენ, კედლებზე ბუნებასა და ადამიანებს გამოსახავდნენ. მათი მოხატული ჭურჭელი და ქსოვილები ზღვის გადაღმაც ვრცელდებოდა.
მშენებლებს რთულ გარემოსთან შეგუებაც უწევდათ. ისინი ფერდობებზე ზოგჯერ ორ- და სამსართულიან ნაგებობებს აგებდნენ, ზრუნავდნენ წყლის გაყვანაზე, ბუნებრივ განათებასა და ჰაერის მოძრაობაზე.
თუმცა კრეტის მიწა მშვიდი არ იყო. კუნძული სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და მიწისძვრები დასახლებებს პერიოდულად აზიანებდა. ნანგრევებზე ახალი შენობები ჩნდებოდა. ყოველი აღდგენა მშენებლებს გამოცდილებას მატებდა – როგორ გაემაგრებინათ კედელი და როგორ მოერგოთ ნაგებობა გარემოსთვის.
შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 1600 წლისთვის, ეგეოსის ზღვაში მასშტაბური კატასტროფა მოხდა: კუნძულ თერაზე, დღევანდელ სანტორინიზე, ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევის ზუსტი თარიღი და კრეტაზე მისი შედეგების მასშტაბი დღემდე კვლევის საგანია.
წარმოქმნილმა ცუნამიმ კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროსაც მიაღწია. სანაპირო დასახლებებისა და საზღვაო კავშირებისთვის ეს მძიმე დარტყმა იქნებოდა. თუმცა მინოსური სამყარო მაშინვე არ გამქრალა – ცხოვრება გაგრძელდა.
მისი დასუსტების ახსნა მხოლოდ ერთი კატასტროფით რთულია. ბუნებრივ საფრთხეებს პოლიტიკური ცვლილებები და მატერიკულ საბერძნეთში გაძლიერებული მიკენური სამყაროს გავლენა დაემატა.
ძვ. წ. დაახლოებით 1450 წელს კრეტის არაერთ ცენტრში მასშტაბური ნგრევის კვალი ჩანს. ამ მოვლენების შემდეგ კუნძულზე მიკენური გავლენა გაძლიერდა. მკვლევრები ცვლილებებს მიკენელთა მიერ პოლიტიკური კონტროლის დამყარებასაც უკავშირებენ, თუმცა მოვლენების ზუსტი მიმდინარეობა ბოლომდე გარკვეული არ არის.
ცვლილება წერილობით ჩანაწერებშიც აისახა. კნოსოსის ადმინისტრაციაში გამოიყენებოდა ხაზოვანი B – დამწერლობა, რომლითაც ბერძნული ენის ადრეულ ფორმას წერდნენ. ის უფრო ძველი მინოსური ხაზოვანი A-ს საფუძველზე იყო განვითარებული.
ცივილიზაციის დასასრული კუნძულის დაცარიელებას არ ნიშნავდა. ადამიანები კვლავ ცხოვრობდნენ კრეტაზე, ამუშავებდნენ მიწას და იყენებდნენ ძველ ცოდნას. იცვლებოდა მმართველობა, ენა და ძალაუფლების განაწილება; მინოსური კულტურის კვალი კი ახალ სამყაროშიც რჩებოდა.
დღეს მის ისტორიას სასახლეების ეზოებში, წყლის გაყვანის სისტემებში, თიხის ჭურჭელსა და ფრესკების ფრაგმენტებში ვკითხულობთ. თითოეული მათგანი ოდესღაც ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი იყო – ზეთის შესანახი ჭურჭელი, ნადიმისთვის გამზადებული სასმისი ან ოთახის კედელზე დახატული ყვავილი.
ათასწლეულების შემდეგ სწორედ ამ მცირე დეტალებით გვიახლოვდებიან ადამიანები, რომლებმაც კრეტაზე ევროპის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს.
წყაროები: HISTORY, UNESCO, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი.