„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამდებობის მიუხედავად ყველას მიმართ ერთნაირ მიდგომას იყენებს.

მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ვერ იტყვის, ჩაიდინა თუ არა ღარიბაშვილმა დანაშაული.

„ჩვენ კორუფციას აბსოლუტურად არავის არ ვაპატიებთ – სადაც ამის ნიშნები გამოიკვეთება და სადაც სასამართლო ამის ბრალეულობას დაადგენს, ნებისმიერი ადამიანი კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში გავრცელებული წერილებით საქმის პოლიტიზება სცადა.

„ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ამ ბრალდებას დავაკავშიროთ. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იცოდა რა, მის მიმართ კონკრეტული ბრალის შესახებ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიდგომა კორუფციასთან დაკავშირებით ყველა პირის მიმართ ერთნაირია და მნიშვნელობა არ აქვს, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირია ის.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი თანამდებობის პირია ადამიანი – არის მაღალი თუ არამაღალი თანამდებობის პირი, ჩვენი ამჟამინდელი მინისტრია თუ გუნდის ყოფილი მინისტრია. აბსოლუტურად ყველასთან ერთნაირი მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შესახებ ახალი ბრალი წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.