საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას 24 აგვისტოს ულოცავს.
ნადარაიას განცხადებით, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მიღებამ ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა შეცვალა და კონსტიტუციურ რანგში აიყვანა სახელმწიფოს ძირითადი ფასეულობები.
„ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.
ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს. სწორედ ამ პროცესში ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა – ვიყოთ კონსტიტუციის – ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია“, – აღნიშნავს ნადარაია.
მისივე თქმით, კონსტიტუცია სამართლებრივი სახელმწიფოს არქიტექტონიკას ქმნის, ხოლო მისი დაცვა მუდმივი პროცესია.
„საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!“ – აცხადებს რევაზ ნადარაია.