მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ორივე დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც.
ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი, მათ შორის ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე.
სასამართლომ ორივე პირი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.