თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოთხოვნას არ ეთანხმება.
ადვოკატ ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა შეეფარდოს. თუმცა, ალტერნატივის სახით, დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.
სვიმონიშვილის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიების დაწყებას სამართალდამცავი უწყებისთვის ოპერატიული მიმართვა დაედო საფუძვლად. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს, არ აღიარებს.
„პროკურატურა რომ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მას ბრალს წარუდგენდნენ იარაღის უკანონო ტარების გამო. ყველა ვარაუდი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქმეში შვიდი დაზარალებულია. პროკურატურა არის ბრალდების მხარე და გამოაქვეყნა ის კადრები, რომელზეც თავად ჩათვალა, რომ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს. პროკურატურის კადრები მეც ახლახან ვნახე, სადაც თითქოს თამაზ ელიზბარაშვილი, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი”,- აცხადებს ადვოკატი.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ელიზბარაშვილსა და ერთ-ერთ დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. პროკურატურის ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
უწყების ინფორმაციით, მოგვიანებით ელიზბარაშვილი ადგილზე დაბრუნდა და, გამოძიების ვერსიით, მუქარის აღსრულებას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, ის შეიარაღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც მუქარა გააგრძელა.