სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პატიმრობაში მყოფ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, ტელეფონს კვლავ არ უბრუნებენ, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ტელეფონში ხაბეიშვილის შვილების ფოტოები და ვიდეოებია შენახული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოწყობილობა მისთვის უნდა დაებრუნებინათ.

„ერთი წელი გადის, რაც ე.წ. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი სუს-მა წაიღო. როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ამ ტელეფონში არის ლევან ხაბეიშვილის შვილების ფოტოები, ვიდეოები და დაებრუნებინათ აღნიშნული ტელეფონი, გვეუბნებოდნენ რომ იქამდე ვერ დააბრუნებდნენ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მე ხელთ მაქვს განაჩენი, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ლევან ხაბეიშვილს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ 3 თვის წინ მიიღო, თუმცა 3 თვეა, ლევან ხაბეიშვილს მაინც არ უბრუნებენ ტელეფონს. ყველას შევახსენებ, რომ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ გახსენით ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი, 10 წელიც რომ გავიდეს, თქვენ ამ ტელეფონს ვერ გახსნით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეასრულოთ სასამართლოს განაჩენი და პატიმარ ადამიანს დაუბრუნოთ თავისი შვილების ფოტოები და ვიდეოები,“ – განაცხადა ტყეშელაძემ.

ადვოკატის განცხადებით, ტელეფონი ლევან ხაბეიშვილს დაახლოებით ერთი წლის წინ, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წაართვა. მისი თქმით, თავდაპირველად უწყებაში ტელეფონის დაბრუნებას სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უკავშირებდნენ.

ტყეშელაძის ინფორმაციით, სასამართლომ ტელეფონის ხაბეიშვილისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება სამი თვის წინ მიიღო, თუმცა, მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შესრულებულა.