აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ომმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი. მისივე თქმით, ყველაფერი თავიდან რომ იყოს გასაკეთებელი, ზუსტად იმავეს გააკეთებდა. „არ მჯერა სიტყვა „სინანულის“. შესაძლოა, საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი ყოველთვის შეიტანო. რამდენიმე ადამიანმა მკითხა ამის შესახებ. ეს ყველაფერი თავიდან რომ მქონდეს გასაკეთებელი, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც გავაკეთე. მე მათი ბირთვული შესაძლებლობები გავანადგურე“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში. აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ზოგიერთი მხარდამჭერი ომით უკმაყოფილო და დემორალიზებულია. „ნება მომეცით, უბრალოდ ვთქვა – მე არ ვფიქრობ, რომ ისინი დემორალიზებული არიან. ვფიქრობ, ისინი ძალიან ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მე ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ ვაძლევ. მე არ გეთანხმებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ამასთან, მისივე თქმით, ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება. „ვფიქრობ, ეს არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება. ისინი ძლივს აგრძელებენ წინააღმდეგობას, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. კითხვაზე, როგორ ახერხებენ ირანელები რაკეტების გაშვებას, თუ მათი შესაძლებლობები თითქმის მთლიანად განადგურებულია, ტრამპმა ასე უპასუხა: „მათ ყოველთვის შეუძლიათ რაკეტების გაშვება. მათ ბევრი ჰქონდათ. ახლაც აქვთ გარკვეული რაოდენობა“.