ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

მთავრობის განკარგულება 8 სექტემბრით თარიღდება, თუმცა დოკუმენტი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად დაენიშნა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს – მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.

  1. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კანონის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან შეუნარჩუნდეს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, 27 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოსტს ტოვებდა და პოლიტიკიდან მიდიოდა.