პოლონეთის სანაპიროსთან რუსული წარმოშობის სამხედრო დრონი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა დრონი პომერანიის სავოევოდოს სანაპიროსთან, სოფელ რუსინოვოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალტიის ზღვის წყლიდან ამოიღეს.
„იაროსლავეცის მახლობლად, სოფელ რუსინოვოს სანაპიროსთან ახლოს, სამხედროებმა ბალტიის ზღვის წყლიდან დრონი ამოიღეს. პირველადი შემოწმებით, ეს რუსული წარმოშობის სამხედრო დრონია“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომებია მიღებული და ტერიტორიის შესწავლაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.