საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ოპოზიციურ ძალებს ერთმანეთთან დაპირისპირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს.

„2012 წლიდან ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ხან გამოსდის ფულით და …. დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ“, – აღნიშნა მან.

სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა მოსამართლეებს მიმართა და „7 ნოემბრის საქმის“ დასრულება მოითხოვა.

„მინდა სასამართლო შემადგენლობას ვუთხრა, რომ იმდენი წელია ეს პროცესი მიმდინარეობს, რომ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს ყველა. ამასობაში, გამიჩნდა შვილი, რომელიც დღეს სკოლაში წავიდა, გამიჩნდა შვილიშვილი, ბევრი რამ შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. თქვენთანაც შეიცვალა ან თმები დაგცვივდათ და მაინც, მრავალი წელია ვაგრძელებთ აქციებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესით ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ „სადისტურ ლტოლვას“ იკმაყოფილებს და მას საქმის დასრულებისკენ მოუწოდა.

„მინდა მივმართო ივანიშვილს, რომელიც ამ პროცესით იკმაყოფილებს ჩემდამი სადისტურ ლტოლვას. ბიძინა, იშოვე ფული, დაიმკვიდრე თავი, როგორც დიქტატორმა მსოფლიოში, შენც გაგიჩნდა შვილიშვილები, გახდი ბაბუა და არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო?“ – თქვა სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, „7 ნოემბრის საქმეში“ არსებული ბრალდებები ოთარ ფარცხალაძის მიერ იყო მომზადებული, რასაც სააკაშვილი საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევს.

„საქმე, რომელზეც მასამართლებთ, შედგენილია „ეფ-ეს-ბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძე- რომანოვის მიერ. მხოლოდ ამის გამო, რომ „ეფ-ეს-ბეს“ ნომრიანმა აგენტმა მოამზადა (ჩემი საქმე) და ხელი მოაწერა მერე მისმა ხელქვეითმა, ნორმალურ სიტუაციაში ეს საქმე უნდა იყოს შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ სიტუაციაში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის დაკავებას და მისი თქმით, მისთვის გაუგებარია ბრალდება, რომლის საფუძველზეც ბარამიძე პატიმრობაში იმყოფება.

„გია ბარამიძე სამშობლოს ღალატისთვის გაამწესეს ციხეში. ამაზე მეტი ანეკდოტი არ არსებობს. ეს კაცი თავზე გვაფურთხებს, გვასკლინტავს და ჩვენ ვისხდეთ? „ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული“ – პაატა ბურჭულაძე. (ციხესთან) დილით, გარეთ, 6 საათზე, იკრიბებიან ყვავები და სწორედ 6 საათზე, პაატა ბურჭულაძე უსმენს ყვავების ჭყავილს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის თქმით, მშვიდობა აუცილებელია, თუმცა, მისი შეფასებით, მშვიდობის სახელით კორუფციასა და კრიმინალთან შეგუება მიუღებელია.

„გვეუბნებიან, რომ მშვიდობაა მთავარი და ამაზე ვინ კამათობს, მშვიდობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თუ შევეგუებით კორუფციას, კრიმინალს და ა.შ. აი, ეს არის თურმე მშვიდობა. ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა ქართველი ხალხისთვის. არასდროს, არასდროს, არასდროს! საქართველო არ ყოფილა ერთი ადამიანის საკუთრება“, – აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ეროვნული პროდუქციის შესახებ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და თქვა, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ მსგავსი საკითხებით არ უნდა შემოიფარგლოს.

„გუშინ ტელევიზორში მოვისმინე, „იამაყეთ ჩვენი ეროვნული პროდუქტით, წვენით“. რა წვენი ხალხო?! აი, ეს უნდათ ამათ – „წვენის, ტყლაპის ინოვაციით დაიკმაყოფილეთ თავი, იამაყეთ თქვენო ელარჯით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მიზანი აფხაზეთში მშვიდობიანი გზით დაბრუნება უნდა იყოს.

„ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას. ქართველ ხალხს ძალიან არ უყვარს მოღალატეები, ამიტომ ყველანი უნდა დავირაზმოთ. „სხვათა შორის“ ბრძოლა არ გამოვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.