აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ ხუთ პირს ტერორიზმის დაფინანსებასა და მკვლელობების დაგეგმვაში ბრალი წაუყენა. დეპარტამენტის განცხადებით, ისინი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზე, თავდასხმებისა და მკვლელობების ორგანიზებას გეგმავდნენ.
ბრალდებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები იური ხრამეევი და მისი ვაჟი კირილ ხრამეევი, კუბის მოქალაქეები ოემის რომაგოს დურუთი და იაიდელ დელგადო სუარესი, ასევე ვენესუელის მოქალაქე ანხელ ედუარდო კასტრო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხუთივე პირი ამჟამად მიმალვაში იმყოფება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსეთის სადაზვერვო ქსელი აშშ-სა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ადამიანებს სათვალთვალო ოპერაციებისა და მკვლელობების განსახორციელებლად ქირაობდა ან შესაბამისი დავალებების შესრულებისთვის თანხას უხდიდა.
დეპარტამენტის განცხადებით, ქსელის წევრები ასევე ცდილობდნენ უკრაინის მოკავშირე ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებას.
გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაქირავებული პირების მეშვეობით რუსეთის სადაზვერვო ქსელი აშშ-სა და ლიეტუვაში მცხოვრებ რუს დისიდენტებს უთვალთვალებდა.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქსელი აშშ-ში რუსი დისიდენტის მკვლელობასაც გეგმავდა.
„შეთქმულება რუსი დისიდენტის მკვლელობას ითვალისწინებდა, რომელიც გამოძიების ვერსიით, ვაშინგტონში იმყოფებოდა“, – განაცხადა ბლანშმა.