ბულგარეთი შუა დერეფნის პროექტის შესახებ რეგიონულ დაკავშირებადობის სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტის განვითარებას გეგმავს, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს.

„დღეს ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტის გამოცხადება შემიძლია. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპის ბაზართან პირდაპირ დააკავშირებს – რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ევროკავშირი 12 მილიარდ ევრომდე კერძო და საჯარო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.

„ჩვენი მიზანია სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების სამჯერ გაზრდა და 2030 წლისთვის ტვირთების ტრანზიტისთვის საჭირო დროის მნიშვნელოვნად შემცირება. იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს, ჩვენ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს მოვაწყობთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.