საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა, 30 ოქტომბერს სიღნაღში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომას უხელმძღვანელეს. ისაუბრეს ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და ინვესტიციებზე, ბოლოს კი სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის თქმით, წლის პირველ ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით 40%-ზე მეტით გაიზარდა და დაახლოებით მილიარდ დოლარს მიაღწია. საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციები, მისივე ცნობით, დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარია.

მილსადენები და მწვანე დერეფანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკა ორი ქვეყნის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დაასახელა და ჩამოთვალა მილსადენები, რომლებიც წლებია საქართველოზე გადის: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ბაქო-სუფსა და სამხრეთის გაზის დერეფანი. მისი თქმით, ისინი როგორც რეგიონის, ისე ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება. ასადოვმა განსაკუთრებით სამხრეთის გაზის დერეფანი გამოყო, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მიდის.

ამ მილსადენებიდან აზერბაიჯანი ექსპორტის შემოსავალს იღებს, საქართველო კი ტრანზიტის საფასურს. ამასთან, საქართველოსთვის აზერბაიჯანი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, ამიტომ ეს ურთიერთობა პირდაპირ აისახება ქართულ შიდა ბაზარზეც.

ახალი პროექტებიდან ირაკლი კობახიძემ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ გამოყო. ესა არის  შავი ზღვის ფსკერზე გასაყვანი ელექტროკაბელი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემებს ევროპასთან დააკავშირებს. პროექტში საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად რუმინეთი და უნგრეთი მონაწილეობენ. აზერბაიჯანისთვის ეს ნავთობისა და გაზის გარდა მწვანე ენერგიის გაყიდვის შესაძლებლობაა, საქართველოსთვის კი ელექტროენერგიის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის.

თუმცა კაბელი ჯერჯერობით მხოლოდ გეგმაა. მას დიდი ინვესტიცია, ტექნიკური კვლევები, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებები და მონაწილე ქვეყნების ენერგოსისტემების მომზადება სჭირდება. რა ეღირება, ვინ დააფინანსებს და როდის აშენდება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

სატრანსპორტო თანამშრომლობა და შუა დერეფანი

სხდომის მეორე დიდი თემა შუა დერეფანი იყო, ანუ სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით შავ ზღვამდე მიდის. ქართული მთავრობა აქ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს, რკინიგზის მოდერნიზაციას, ანაკლიის პორტსა და თბილისის ახალ აეროპორტს ასახელებს. ბაქო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.

მარტო რკინიგზა და პორტი საკმარისი არ არის. ტვირთი იმ მარშრუტით წავა, სადაც საბაჟო სწრაფია, საზღვარზე ნაკლები ხნით ჩერდება და გადაზიდვა იაფია. ამ მხრივ სიღნაღში ერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა: მხარეებმა ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამას გარდა, ხელი მოეწერა მემორანდუმებს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში.

დღის წესრიგში კვლავ რჩება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. დიალოგი გრძელდება, თუმცა ეს ცალკე, ხანგრძლივი სამართლებრივი და დიპლომატიური პროცესია.

ირაკლი კობახიძის თქმით, თანამშრომლობა თავდაცვას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას, ტურიზმს, კულტურასა და საბაჟო საქმესაც მოიცავს. ასადოვმა გაიმეორა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ

საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ენერგეტიკული და სატრანსპორტო თანამშრომლობის გაღრმავებას რამდენიმე შესაძლო ეკონომიკური შედეგი აქვს.

ენერგორესურსების ტრანზიტი ქვეყნისთვის შემოსავლებისა და ეკონომიკური საქმიანობის წყაროა. ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებამ შესაძლოა გაზარდოს ლოგისტიკურ, სატრანსპორტო და მომსახურების სექტორებში ინვესტიციები.

ამასთან, აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

თუმცა სავაჭრო ბრუნვის ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს ექსპორტი იმავე ტემპით იზრდება. ეკონომიკური სარგებლის სრულყოფილად შესაფასებლად მნიშვნელოვანია ექსპორტისა და იმპორტის ცალკეული მაჩვენებლების, ინვესტიციების სტრუქტურისა და ადგილობრივ ეკონომიკაზე მათი გავლენის ანალიზი.

ასევე გასათვალისწინებელია ენერგეტიკული დამოკიდებულების საკითხი. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამავე დროს, ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად რჩება.

წყაროები:

საქართველოს პირველი არხი,

APA — აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო

 ინტერპრესნიუსი.