ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოს „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაავალა, რომლის მიხედვითაც თურქულ კომპანია ENKA Renewables LLC-სთვის 350 მილიონი დოლარის, პროცენტებთან ერთად კი ჯამში 400 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდაა გათვალისწინებული.
როგორც BPN.GE წერს, ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც Justia U.S. Law-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებას ხელი მოსამართლე ამიტ პ. მეჰტამ მოაწერა.
სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მცდელობას, შეეჩერებინა არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება. დავა „ნამახვანჰესის“ 800-მილიონიანი პროექტის შეწყვეტას მოჰყვა.
433 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გეგმას საქართველოში საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და საკითხზე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, 2021 წლის სექტემბერში ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა, ოქტომბერში კი სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
კომპანიამ არბიტრაჟს საინვესტიციო პირობების, მათ შორის საინვესტიციო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების, დარღვევის საფუძველზე მიმართა.
2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს კომპანიასთან 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნულ თანხას ერიცხება საპროცენტო განაკვეთი – SOFR+4%, რომელიც ყოველ გადაუხდელ კვარტალზე ძირ თანხას ემატება. შედეგად, გადასახდელმა თანხამ პროცენტებთან ერთად უკვე 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
2025 წლის დასაწყისში საქართველომ პარიზის სააპელაციო სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამავე პერიოდში ENKA-მ გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით აშშ-ის სასამართლოს მიმართა.
სასამართლოს ჩანაწერის მიხედვით, ENKA Renewables-მა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, რადგან აშშ არბიტრაჟის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერია და მოდავე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.
კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ENKA-ს მიერ წარდგენილი 2024 წლის დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებაში იქნა მოყვანილი.
Enka Renewables LLC თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილი კომპანიაა.